Skip to content
აზერბაიჯანის რკინიგზის მატარებლები

აზერბაიჯანის რკინიგზის მატარებლები

ბაქო – თბილისის მატარებლები აზერბაიჯანის რკინიგზას (ADY) ეკუთვნის. მარშრუტზე ორი სრულიად განსხვავებული მატარებელი დადის:

  • № 37/38 — შვეიცარიული კომპანია Stadler-ის თანამედროვე საძილე ვაგონები, კლასები „კომფორტი“, „კომფორტი+“ და „ლუქსი“;
  • № 39/40 — განახლებული საბჭოთა ტიპის ვაგონები, კლასები „სტანდარტი“ (პლაცკარტი), „სტანდარტი+“ (კუპე) და „ბიზნესი“ (ორადგილიანი კუპე).

ზაფხულში Stadler-ის ვაგონებიან მატარებელს დამატებით საბჭოთა ვაგონებს აბამდნენ და შესაძლოა, მომავალშიც იყოს მსგავსი ცვლილებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას კლასის სახელწოდებას უნდა დაეყრდნოთ: მისით ვაგონის ტიპის გაგება შეიძლება.

მატარებელი 37/38 (Stadler)

ვაგონები 2019–2020 წლებში აშენდა, მაგრამ მარშრუტზე მხოლოდ 2026 წლის მაისში გამოვიდა. შემადგენლობაში შვიდი საძილე ვაგონი და ვაგონ-რესტორანია.

კუპე ელექტრონული ბარათით იღება, იმავე ბარათით იღება პირადი სეიფიც. ყველა ადგილს საკუთარი განათება და როზეტი აქვს. კუპეში არის განათების, ტემპერატურისა და განცხადებების ხმის მართვის პანელი და გამცილებლის გამოძახების ღილაკი. მუშაობს Wi-Fi. კუპეში მონიტორზე შეგიძლიათ უყუროთ ფილმებს, მოუსმინოთ მუსიკას და რუკაზე თვალი ადევნოთ მატარებლის მოძრაობას, სისტემასთან დაკავშირება ტელეფონიდანაც შეიძლება. ყურსასმენებს გამცილებელი უფასოდ გასცემს. ყველა კლასში გასცემენ თეთრეულს, სამგზავრო ნაკრებსა და ხელის პირსახოცს.

ვაგონ-რესტორანში 28 ადგილია, საკვები ცალკე იხდება.

კომფორტი

ოთხადგილიანი კუპე. ბარგს ქვედა თაროების ქვეშ და ზედა თაროზე დებენ. შხაპი და ტუალეტი ვაგონში საერთოა. საბანაო ნაკრები დამატებით ფასიანია.

კომფორტი+

ორადგილიანი კუპე დამატებითი სავარძლითა და ხელსაბანით. შხაპი და ტუალეტი ვაგონში საერთოა. საბანაო ნაკრები დამატებით ფასიანია.

„კომფორტი+“-ისა და „ლუქსის“ კუპეები ერთ ვაგონშია და ერთმანეთისგან გასაწევი კედლითაა გამოყოფილი. თუ მას გახსნით, ოთხადგილიანი საოჯახო კუპე გამოვა.

ლუქსი

ორადგილიანი კუპე დამატებითი სავარძლით, საკუთარი შხაპითა და ტუალეტით. ხელის პირსახოცის გარდა აბანოს პირსახოცსაც აძლევენ. „ლუქსის“ მგზავრებს მატარებლის ლოდინი სადგურების VIP-დარბაზებში შეუძლიათ: იქ არის წყალი, ჩაი, ყავა, ტკბილეული და Wi-Fi.

მატარებელი 39/40 (საბჭოთა ტიპის ვაგონები)

საბჭოთა ტიპის ვაგონები რემონტის შემდეგ. ყველა კლასში გასცემენ თეთრეულს, პირსახოცსა და სამგზავრო ნაკრებს. ვაგონებში საკვებს ატარებენ, ასევე შესაძლებელია მისი შეკვეთა საკუთარ ადგილზე QR-კოდით. მატარებელში შხაპი არ არის.

სტანდარტი (პლაცკარტი)

ღია ვაგონი ოთხადგილიანი განყოფილებებით: ორი ქვედა და ორი ზედა თარო. გვერდითი ადგილები მხოლოდ ვაგონის წინა ნაწილშია: ზედა იკეცება, ქვედა კი მაგიდად იქცევა. კიბეები არ არის, ზედა თაროებზე ლითონის საყრდენებით ადიან. ზედა თაროებზე მოაჯირის ნაცვლად ორ-ორი უსაფრთხოების ღვედია. ყველა ადგილს აქვს ფარდა და ნათურა, მაგრამ განათება მთელ ვაგონში ერთდროულად ირთვება და ითიშება. თითო განყოფილებაზე ერთი როზეტია. ტუალეტები ვაგონის ორივე ბოლოშია.

სტანდარტი+ (კუპე)

ოთხადგილიანი კუპე. ბარგს ქვედა თაროების ქვეშ და ზემოთ ლითონის თაროებზე დებენ. ყველა ადგილს სასთუმალთან ნათურა აქვს, როზეტი მთელ კუპეზე ერთია.

ბიზნესი (ორადგილიანი კუპე)

ორადგილიანი კუპე, ბარგს თაროების ქვეშ დებენ. ყველა მგზავრს საკუთარი როზეტი და სანათი აქვს. არის დასაკეცი მაგიდა, ტელევიზორი და გამცილებლის გამოძახების ღილაკი. ტუალეტები ვაგონის ორივე ბოლოშია.